top of page
DJI_0216.JPG

ჯავახეთი, როგორც "საფრთხე"

სეპარატიზმის მითი და რეალობა

სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე ჯავახეთის რეგიონი, ნაციონალიზმის, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკისა და ქართული დომინანტური დისკურსის თანაკვეთის კომპლექსურ სივრცეს წარმოადგენს. რაც, ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები, არადომინანტი, სომეხი თემის ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს.

ჯავახეთი, როგორც ,,უცხო"

მრავალწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, დომინანტური ქართული დისკურსისთვის ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის პრობლემები, კულტურა და ყოველდღიურობა ,,ტერა ინკოგნიტოდ“ რჩება. ,,ცენტრისთვის“ ჯავახეთი, ერთგვარი პერიფერიაა, რომლისადმი ინტერესი მოახლოებული არჩევნებისა თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების პერიოდში ძლიერდება. დომინანტურ ქართულ ნაციონალურ ნარატივში ჯავახეთის სომხები მარგინალურ ჯგუფად განიხილებიან. ამასთანავე, დომინანტურ დისკურსში, რეგიონი ,,სხვად“ და ,,უცხოდ“ არის მიჩნეული.

PXL_20231006_063454509_edited_edited.jpg

პოპულარულ დისკუსიებში კი ჯავახეთს დიქოტომიურად აღიქვამენ. ერთი მხრივ, რეგიონს საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების რჩეულ მაგალითად განიხილავენ - ხდება რეალობის ეგზოტიზაცია და რომანტიზაცია. ხშირად ადგილობრივები სიამაყით  საუბრობენ, მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ქართველ და სომეხ მოსახლეობას შორის. მეორე მხრივ, რას ნიშნავს მრავალფეროვან გარემოში ცხოვრება, თანაცხოვრების და კონფლიქტის პრაქტიკებით, ნაკლებად არის შესწავლილი. კერძოდ, ჯავახეთში მცხოვრები სომხების ყოველდღიურობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მწირეა.

IMG_1671.JPG

გაბატონებული დისკურსის ეჭვებს აძლიერებს სომეხი მოსახლეობის მხრიდან ქართული ენის არ ცოდნა, სომხეთის რესპუბლიკასთან ტერიტორიული სიახლოვე, ქართულთან ერთად რუსული და სომხური პასპორტის ფლობა, რუსეთში სეზონური მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და სხვა. რაც საბოლოოდ, ჯავახეთში მცხოვრები სომეხი თემის სტატუსის პოლიტიზებას იწვევს.

პოლიტიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ დღეს, არსებობს ,,საფრთხის“ დიქოტომია, რომელიც 90-იანებიდან იღებს სათავეს და ეთნო-ნაციონალიზმის ტალღის აღზევებას უკავშირდება, როდესაც სსრკ-ს დაშლას, ეთნიკურობისადმი ინტერესის ზრდა მოჰყვა. ეთნო-ნაციონალიზმის პოლიტიკის შედეგად მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის საქართველოს მოქალაქეობა ქართველობასთან ასოცირდება, ხოლო ქვეყანაში არსებული სხვა ეთნიკური ჯგუფები „საფრთხის შემცველად“ იქცა.

სეპარატიზმის საფრთხის კონტექსტით სახელმწიფო ცდილობს პოლიტიკური და კულტურული საზღვრების გამართლებას. იყენებს ისეთ ტერმინებს როგორიც არის: სპეც-რეგიონი, საბჭოთა ნაღმები, კონტროლის საჭიროება და ა.შ.

ჯავახეთის რეგიონის შეფასებისას კი პოლიტიკის დოკუმენტებში გვხვდება ისეთი საკითხები, როგორიც არის:

ეს ყველაფერი ჯავახეთში არსებულ სპეციფიკურ, სოციო-კულტურულ და პოლიტიკურ რეალობაზე მიუთითებს, რომელიც კვლევას საჭიროებს.

ჯავახეთში გადმოსახლების ისტორია და ,,სეპარატიზმის" მითის დაბადება

IMG_9828.JPG

ადგილობრივი სომეხი თემი ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა მარგინალიზებულ ჯგუფს, რომელსაც სახელმწიფო დისკურსი, ენობრივი და კულტურული ბარიერის გამო, ,,არაინტეგრირებულად“ ახასიათებდა. ჯავახეთში ბორდერიზაცია ფიზიკური საზღვრების და საკონტროლო პუნქტების მშენებლობას გულისხმობდა. რაც ერთი შეხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს უკავშირდებოდა, თუმცა რეგიონში სომეხი მოსახლეობის იზოლაციას ხელს უწყობდა.

ჯავახეთში სახელმწიფომ ,,სომხური საკითხის“ სეკურიტიზაცია მოახდინა. რითაც სომხური თემის კულტურული და პოლიტიკური თვითგამოხატვის რეპრესირებადი, პოლიტიკის ლეგიტიმაციისთვის საფუძველი შექმნა. რაც სახელმწიფოსა და სომეხი თემის წარმომადგენლებს შორის უნდობლობას აძლიერებს და ინტეგრაციის პროცესს ართულებს.

download.jpeg

,,ჯავახეთი იმით არის გამორჩეული, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჩაკეტილი ზონა იყო. იქ მოხვედრა მაშინ შეგეძლო, თუ იქ პირველი რიგის ნათესავი გყავდა. აწყურთან იყო გამშვები პუნქტი, აწყურის მიღმა ვეღარ წახვიდოდი. მესხეთის მიმართ ქართულ საზოგადოებაში ინტერესი მაღალი იყო, ვარძიის, თმოგვის და ხერთვისის ციხეების გამო. იქ სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ მიდიოდნენ. თბილისში არაფერი იცოდნენ ნინოწმინდაზე და ახალქალაქზე. თბილისიდან პირდაპირი რეისებიც არ იყო. წალკაში და ახალციხეში წახვიდოდი, ნინოწმინდაში ვერ. ამიტომ იყო რეგიონი ბევრისთვის უცნობი".

ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი

271526790_4529105883810848_5291106508247594810_n.jpg

შუშან შირინიანი - ჯავახეთის რეგიონული ონლაინ-მედია JNews-ის ჟურნალისტი

,,დიდი ხნის განმავლობაში სომხები, ბერძნები და ქართველები ჯავახეთში ისე ვცხოვრობდით, ეროვნება არც გვახსენდებოდა. თუმცა, 90-იანებში, ზვიად გამსახურდიას ეთნო-პოლიტიკის შედეგად, რეგიონისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. საქართველოს ხვა რეგიონებში, სეპარატიზმზე ალაპარაკდნენ. ...პოლიტიკოსები დაპირსპირების და შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

მედიის როლიც მნიშვნელოვანია. ერთხელ, თბილისიდან ჟურნალისტი ჩამოვიდა, ისეთი რესპონდენტის მოძიება მთხოვა, რომელიც ჯავახეთის სომხეთთან მიერთებას ისურვებდა. გაუკვირდა, როცა ვერავინ გავიხსენე".

ShushanInterview
00:00 / 04:59

არმენოფობიური განცხადებები მედიაში

ჯავახეთის რეგიონი ხშირად ექცევა ქართული ონლაინ-მედიის ყურადღების ცენტრში. ეთნო - ნაციონალისტურ მედიათა ნაწილი, ხშირად ავრცელებს მოსაზრებას, რომ ჯავახეთში მცხოვრებ სომეხ თემს სომხეთის რესპუბლიკასთან რეგიონის მიერთება სურს. რაც კულტურული საზღვრების აღმართვის პრაქტიკას წარმოადგენს. ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ჯავახეთს ,,მეორე ყარაბაღად" მოიხსენიებენ. ხოლო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე საქართველოში გააქტიურდა ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური და არმენოფობიური მედია-კამპანია. განსაკუთრებით, არმენოფობიური განცხადებებით გამოირჩევა: ,,კავკაზ პლიუსი", რომელიც ჯავახეთში სეპარატიზმზე ხშირად წერს. 

IMG_6755.JPG

მნიშვნელოვანია ახალი პერსპექტივის შესწავლა, დადგენა თუ როგორია თავად სომხების კულტურული თვითაღქმა. მათი რეფლექსია რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ პროცესებზე. რთული კლიმატური პირობების ფონზე, რეგიონში, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მწვავედ იჩენს  თავს.

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" კვლევა აჩვენებს, რომ ​არადომინანტური სომეხი თემა აწყდება ინტეგრაციის ისეთ პრობლემებს, როგორიც არის: ენობრივი ბარიერი, არასაკმარისი რეპრეზენტაცია პოლიტიკაში, უმუშევრობის მაღალი დონე. რუსეთში მიგრაციის გამო, რეგიონში ძლიერია რუსეთის გავლენა. რაც სახელმწიფო პოლიტიკისთვის კიდევ ერთ ,,საფრთხეს" ქმნის. ,,საფრთხის" და ,,სეპარატიზმის" მარკერების გამო, მოსახლეობის ყოველდღიურობა კონტროლისა და თვალთვალის პირობებში მიმდინარეობს.

თბილისისგან ,,გაუცხოების“ მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობა სომეხი თემის 87%-სთვის ,,სამშობლოში ცხოვრებას“ ნიშნავს. თუმცა რა მახასიათებლებთან და სირთულეებთან ასოცირდება ამ სამშობლოში ცხოვრება იშვიათად არის შესწავლილი, უშუალოდ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა პერსპექტივიდან.

,,საქართველოში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ. სხვა სამშობლო არ ვიცი. ერთადერთი პრობლემა ენის არ ცოდნაა. მხოლოდ ,,1 +4 პროგრამაა", თუმცა ყველა ვერ ახერხებს უნივერსიტეტში ჩაბარებას. ენის არ ცოდნა უმუშევრობას აძლიერებს, სამსახური რომ ვერ ვიპოვე თბილისში ჩამოვედი. სხვები, ჩემი მეგობრები, ძირითადად, ხოპანზე, რუსეთში მიდიან. ჯავახეთში ახალგაზრდების განვითარების პერსპექტივები არ არის. ეს არის მთავარი პრობლემა. ყველა სომხეთში ან რუსეთში სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს." - ამბობს ჯემა, ქალაქ ნინოწმინდიდან.

სახელმწიფოს არ აქვს ეფექტიანი და რეალური ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს პოლიტიკურ ერთობაში ჩაწერის, პოლიტიკური ძალაუფლების გაზიარების, უფლებებზე, შესაძლებლობებსა და რესურსებზე თანასწორ წვდომას მოუტანდა.

IMG_1673.JPG
IMG_2933.JPG

ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომეხი თემის ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს არმენოფობიური განწყობები, დომინანტური დისკურსი და  უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც მათ ,,ნაკლულ მოქალაქეებად“, რეგიონს კი სეპარატისტულად და საფრთხის შემცველად წარმოაჩენს.

ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა ინკლუზიური მიდგომა, რომელშიც აქცენტირებული იქნება არადომინანტი ჯგუფების უფლებები და იდენტობა. სახელმწიფო პოლიტიკა თემში საქართველოს სახელმწიფოსადმი მიკუთვნებულობის განცდის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს.

bottom of page